შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი შ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბრალდებულს და 1991 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შ.კ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა ზ.ა.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა შ.კ. მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.