შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და  ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა - შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული გ.გ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 1984 წელს დაბადებული მ.ა. და 2002 წელს დაბადებული ა.ხ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების  ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 380 გრამი „ალფა-პვპ“ და 120 გრამზე მეტი „გამომშრალ მარიხუანა“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.