ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის სასამართლოში მზია ამაღლობელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩივარი წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაცია საიას თავმჯდომარემ თამარ ონიანმა ბრიფინგზე გაავრცელა. 

მისი თქმით, საჩივარი ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

"ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს პოლიტიკური პატიმარი, რომელმაც სისხლის სამართლის ძირეულ საქმეზე ყველა ინსტანცია ამოწურა ადგილობრივ დონეზე. საჩივარი ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საჩივარში, ასევე, აღწერილია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციის პარალელურად, პოლიტიკური პატიმრების მზარდი მაჩვენებელი და კონტექსტი. ეს არის რიგით მე-4 საჩივარი, რომელიც საიამ მზია ამაღლობელის უფლებების დაცვის მიზნით შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში. საიასთან ერთად ამ საქმეზე მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს ცნობილი იურისტი, ედვარდ ფიცჯერალდი (დოუთი სთრითის პალატების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წამყვანი ბრიტანელი ბარისტერი, რომელიც სპეციალიზირდება სისხლის სამართალში, საჯარო და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალში). საია ხაზგასმით აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებული საქმეები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ რეპრესიულ ანგარიშსწორებას. სტრასბურგში გაგზავნილ მე-4 საჩივარში დასაბუთებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი დარღვევები: პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება (კონვენციის მე-18 მუხლი მე-6 მუხლთან ერთობლიობაში) საჩივარში დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყო მართლმსაჯულების მიზნით დაწყებული, არამედ წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ამ პროცესის მიზანი იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯა და საზოგადოების დაშინება განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო. ეს მიზანი დასტურდება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებით, რომლებშიც მზია ამაღლობელს „უცხოეთის აგენტად“ მოიხსენიებდნენ და განაჩენამდე მას დამნაშავედ აცხადებდნენ.

სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა (კონვენციის მე-6 მუხლი) - მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობა: საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, საქმე მიუკერძოებლად არ განიხილა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების ეტაპზე მან გამოავლინა წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროსაც შენარჩუნდა. დასაბუთებელი განაჩენის არარსებობა: ეროვნულმა სასამართლოებმა არცერთ ეტაპზე არ შეაფასეს და არ გამოიკვლიეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მაშინ, როცა უპირობოდ გაითვალისწინეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოს გადაწყვეტილებები. როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის ზედაპირული და დაუსაბუთებელი. სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის არგუმენტები, არ შეაფასა დაცვის მიერ წარდგენილი 19 მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერი და დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს", - განაცხადა თამარ ონიანმა.