ეს არის საკუთარი თავისა და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან ამას საერთო არ აქვს, სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი, - ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მთელი ხელისუფლება იყო ჩართული.

"სასამართლომ გადააკვალიფიცირა 353-ე მუხლზე, სასჯელის სახედ და ზომად დაადგინა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სინამდვილეში, ეს არის საკუთარი თავისა და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან ამას საერთო არ აქვს, სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი. აბსოლუტურად უინტერესოა, 4 წელი იჯდებოდა თუ 2. ამიტომ, სასამართლომ და სასამართლოს უკან, იცით, ვისაც ვგულისხმობ - მთელი ხელისუფლება იყო ჩართული მზიას წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში და ამ საქმეებში - ეს იყო მათთვის ვითომ სახის შენარჩუნების მცდელობა, სინამდვილეში, საერთო არ აქვს ამას 353-ე მუხლის კვალიფიკაციასთან, თავდასხმა გადააკვალიფიცირეს. ეს გასაგებია, რომ ყველას ბრძოლის შედეგია, მაგრამ ეს არ არის სამართალი. მე წინა პროცესზე მივუთითე მოსამართლეს ერთი საქმე დეტალურად და მინდა, მედიამ ყურადღება გაამახვილოს ამაზე - ეს არის ასეთივე საქმე, სადაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა პანღური ამოარტყა იმ პოლიციელს, რომელმაც დააკავა და მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ საპირფარეშოდან გამოსული პოლიციის თანამშრომელი ნახა ბრალდებულმა დაეწია და პანღური ამოარტყა. ჩვენს შემთხვევაში არის სილა. იმ შემთხვევაში სასამართლომ თქვა, რომ ეს არ არის თავდასხმა და დაადგინა პირობითი მსჯავრი - არცერთი დღე პატიმრობა. ახლა შეადარეთ ის საქმე მზიას სილის საქმეს. სხვაობა იმაშია, რომ იქ დაზარალებულია რიგითი პატრულ-ინსპექტორი და ამ შემთხვევაში, ბათუმის პოლიციის უფროსი. იმ შემთხვევაში არ ამოწმებდნენ, რომ იმ პოლიციელს საჯდომი გაუწითლდა და ამ შემთხვევაში პოლიციელები ამოწმებდნენ, რომ ლოყა გაუწითლდა. ყველა ის სხვაობა და თანხვედრა შეადარეთ ამ ორ საქმეში და ეს იქნება პასუხი თქვენთვის, თუ რატომაა მზია სინდისის პატიმარი", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.