სამართლებრივ უტიფრობას დიდი ხანია, გასცდა ბრალდების მხარე ამ საქმეში და გადასულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, რაც გამოხატულია, ყოველი პროცესის შემდეგ სატელევიზიო სივრცეში გაკეთებული კომენტარებით, - ამის შესახებ სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბრალდების მხარეს სურს, რომ გაამართლოს დაუსაბუთებელი ბრალი, რაც წარდგენილი აქვს გრიგოლ ლილუაშვილს.

"სამართლებრივ უტიფრობას დიდი ხანია, გასცდა ბრალდების მხარე ამ საქმეში და გადასულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, რაც გამოხატულია, ყოველი პროცესის შემდეგ სატელევიზიო სივრცეში გაკეთებული კომენტარებით, მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ წინა პროცესის მერე გაკეთებული კომენტარი, რაც უკავშირდებოდა ფინანსთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მათ უნდათ გაამართლონ ის დაუსაბუთებელი ბრალი, რაც წარდგენილი აქვს ბატონ გრიგოლს და რომლის მტკიცებულებასაც ფიზიკურად ვერ წარმოადგენენ სასამართლოში. ჩვენ გვყავს არაერთი მოწმე, დაახლოებით 50-მდე, შესაბამისად, დასახელებული მტკიცებულებების განხილვა უნდა ამოიწუროს სასამართლოში, აღნიშნულის შემდეგ დაველოდებით განაჩენს", - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

პროკურატურამ სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.