ეს არის შოუ, - ასე ეხმაურება იმ პატიმრის დედა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

ირმა დავითაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" საუბრობდა, როცა პაატა სალიას უწყებამ კადრები გამოაქვეყნა.

დავითაძე აცხადებს, რომ კადრების 5 ფაილი აქვს  ნანახი, პენიტენციურმა კი მხოლოდ ის ნაწილი გაავრცელა, რაც მას აწყობდა.

"ეს არის ნაწილი იმ კადრის, 5 ფაილი მაქვს ნანახი. ეს არის ახლა შოუ ამათი. 20-წუთიანი მასალაა. აქ მოჭრეს ერთი წამი, რაც მათ აწყობდათ. არ გამოგივათ, რომ გარეცხოთ ეს დანაშაულებრივი ქმედებები. სადღაც 20 წუთი მიმდინარეობდა ეს პროცესი, მე რა ფაილებიც მაქვს ნანახი, მაშინ დეტალებშიც შევალ, სხვა გზას არ მიტოვებენ ეს არაკაცები. ისევ ჩემი შვილის ღირსებას ვერიდებოდი, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს. ეს ჯალათები, რომლებსაც გიორგი დეესკალაციის ოთახში მიჰყავთ, გიორგი მშვიდად მიყვება, არ იცის, რისთვის მიჰყავთ", - ამბობს დედა. 
პენიტენციური 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გიორგი დავითაძის გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს, რა დროსაც, მსჯავრდებულის განცხადებით, მასზე სექსუალური ძალადობა მოხდა - პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის.

უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებაში დავითაძის ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, აღნიშნული მასალებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად, გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.