თამაზ ელიზბარაშვილს საკუთარ საკანში წაუვიდა გული. ის ამას უკავშირებს პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის ხელბორკილების მჭიდროდ მოჭერას, - ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა ლექსო სიმონიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით მან მიმართა გამომძიებლებს, რაზეც მას ქალაქის პროკურატურიდან გაესაუბრნენ.

"გვიან ღამით, როდესაც შემოასახლეს ბატონი თამაზი იზოლატორში, მე მოვინახულე, ამის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილს საკუთარ საკანში წაუვიდა გული, შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს კლინიკაში, იქ მოვიდა გონს. ის ამას უკავშირებს პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მათ შორის ხელბორკილების მჭიდროდ მოჭერას. ამ ფაქტზე მან განაცხადა და ქალაქის პროკურატურა გაესაუბრა.

სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს.

სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც ჩატარდა ჩხრეკა, ამ ეტაპზე სიახლეები არ არის, ვიცით ის, რომ სახლიდან ექსპერტიზაზე გადაგზავნილია მის სახელზე რეგისტრირებული იარაღი და ვაზნები", - განაცხადა ლექსო სიმონიშვილმა.

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს დააკავეს. დაკავებას წინ პირადი ავტომობილისა და სახლის ჩხრეკა უძღოდა. სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, რომლებიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. ადვოკატის თქმით, იარაღი ელიზბარაშვილს კანონიერად ჰქონდა გაფორმებული.