აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს.

30 წლის დაურ ბუავა უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და სამოქალაქო პირებმა ტაშით გააცილეს.

დაურ ბუავა დიღომში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებამ ჯამში სამი პირი დააკავა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვიქტორია კირილიუკს დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვებაში ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, დაურ ბუავას და ვიქტორია კირილიუკს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდათ მიღებული, რომელიც ქალს გიგი გუდაძემ გადასცა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით მასთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია საბა ბოჭორიშვილი.

ოჯახის წევრებს გამოძიების ვერსიის არ სჯერა და ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.

ბლოგერი თბილისში საცხოვრებლად 2021 წელს ტყვარჩელიდან გამოვიდა. დაურ ბუავა საზოგადოებისთვის ცნობილი ქართულ-აფხაზური დიალოგისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მხარდამჭერი ვიდეოებით გახდა.

2022 წელს მის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში "ღალატის მუხლით" საქმე აღძრეს.