შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის  „მეფედრონი”, „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, მცენარე „კანაფი“ და "კეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოების და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.