შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ორ მოქალაქეს, ძვირად ღირებული მობილური ტელეფონები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.