უზენაესმა სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია "პუბლიკა" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს განსახილველად დასაშვებობის კრიტერიუმებს.

უზენაეს სასამართლოს განჩინების მიხედვით, ის სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი ოკმელაშვილის მსჯავრდების შესახებ. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება როგორც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით დააკავა. მას თავისუფლების 5 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.