პირი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობოდა, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლეს ანდობდა, ქვეყნიდან გაიქცა და ამერიკის შეერთებულ შტატებს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ჟანრი ნოდია ამერიკის შეერთებულ შტატებში, არალეგალური გზით, მექსიკიდან მოხვდა. 6 თვის განმავლობაში ის საემიგრაციო სამსახურის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იყო და სპეციალური სამაჯურით გადაადგილდებოდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი, ამერიკას სთხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს. ჩვენი ინფორმაციით ეს სტატუსი მან მიიღო კიდეც, რაც ნიშნავს რომ ნოდიამ შტატებს მტკიცებულებით დაუდასტურა, როგორი საფრთხის შემცველი იყო მისთვის საქართველოში დარჩენა.

სარწმუნო კონფიდენტის მონათხრობის თანახმად, წასვლის გადაწყვეტილება ნოდიამ სპონტანურად, ერთ დღეში მიიღო. სახლში მივიდა, ბარგი ჩაალაგა და ნასესხები ფულით მექსიკამდე ჩააღწია. ამბავი ყველაზე გავლენიანი კაცის პირადი მცველის უცაბედი გაუჩინარების შესახებ იმდენად შოკის მომგვრელი იყო ოჯახისთვისაც, რომ მათ გაქცევის რეალური მიზეზი ამ დრომდე არ იციან.

ჟანრი ნოდია დუმს და არ ჰყვება ბიძინა ივანიშვილისგან გაქცევის რეალურ მიზეზს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის არ არის ერთადერთი, ვინც ოლიგარქი და მის მიერ მართული ქვეყანა მიატოვეს.