ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული 42 წლის მამაკაცი ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

მედიკოსების ცნობით, მას დაზიანება ჰქონდა მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში.

"23 რიცხვში, 00:34-ზე სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი. დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ამპუტირებული იყო თითი, მარჯვენა მტევნის არეშიც იყო, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები იყო პაციენტთან. ჩატარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან ავიდა საოპერაციო ბლოკში. ამწუთას იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე, სტაბილურია მდგომარეობა.

არ ვიცით, რა მდგომარეობაში მიიღო დაზიანება, ამას ექსპერტიზა დაადგეს. გონზეა, კონტაქტურია პაციენტი. არ ვიცი, ჩვენება მისცა თუ არა საგამოძიებო უწყებას, ჩვენთან არ მიუცია და დანარჩენი არ ვიცი. ადგილზე არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ მიერაა მოყვანილი სასწრაფო დახმარებასთან ერთად, პალატაშია ბადრაგთან ერთად 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ არის.

სავარაუდოდ, ხვალ გაეწერება, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ, როგორც პაციენტის  მდგომარეობა იქნება, იმის მიხედვით გადაწყდება“, - განაცხადა ექიმმა.

გასულ ღამეს ვერაზე 42 წლის მამაკაცმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის გამვლელი ქალი. ერთი დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. 

ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.