დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული აცხადებს, რომ მას პატრიარქობა არ სურს.

მისივე თქმით, სინოდში არის 60 წელს გადაცილებული ორი ეპისკოპოსი, რომელთაც პატრიარქად ისურვებდა.

"როცა [ილია მეორემ] ეპისკოპოსობა შემომთავაზა, მე ორჯერ უარი ვუთხარი, მე ეგენი [პატრიარქობა] არ მაინტერესებს, მე ვარ უფრო იდეური ადამიანი. მე ამ მაიმუნობებთან რა საქმე მაქვს… ინტრიგებთან, რომელიც ყოველდღიურობაში ხდება. არასდროს მე პირველი პირობის სურვილი არც გამჩენია, არც მექნება.

გარდა ჩემი აზრისა, პატრიარქსაც სურვილი ჰქონდა, საუბარი როცა იყო… არის ასეთი ეპისკოპოსები, ჰყავს პატრიარქს, ოღონდ 60 წელზე მეტის არიან, რომელთაგან ორს მე ვისურვებდი, რომ ეს ტვირთი აიღოს, თუ ისინი ამას შეძლებენ. თუ ღმერთი ამას ინებებს და მას მისცემს ამ ჯვარს და ამ ტვირთს, გაიგებთ და იტყვით, რომ რა სწორი იყოო“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებაში“.

მთავარეპისკოპოს ზენონის განცხადებით, იმ ორ კანდიდატს შორის, რომელსაც პატრიარქად ისურვებდა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო არ არის.

"მეუფე შიო იცით როგორი კარგი ადამიანია. ყველა ჩვენ თავისებური ადამიანები ვართ, ფაქიზი შინაგანი სამყაროც აქვს რა და მე თვითონ არ მსიამოვნებს, რომ რაღაც ვთქვა, ვატკინო ადამიანს. ან ჯერ რატომ უნდა ვატკინო?

ჩემი მიდგომა არის ასეთი, რომ საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს მთელი ეს მასშტაბი უნდა გავიაზროთ, სად ვართ, რა პრობლემები გვაქვს? რა გვჭირდება ხვალისთვის? რა ხდება ეკლესიაში? ეკლესიაში სერიოზული პრობლემებია. მსოფლმხედველობრივი პრობლემებია სერიოზული, რომელიც წმინდად პოლიტიკურია. შეიძლება მათ არ უნდოდეთ, მაგრამ ეს უკავშირდება ამას.

პირადად ჩემი მოსაზრება და მისწრაფება არის, რომ ეკლესია არ იყოს პოლიტიზებული. შენ პოლიტიკოსთან ყოველთვის გექნება ურთიერთობა. შენ უნდა იყო ქრისტეს ეკლესია და მოქმედებდე ქრისტიანული ეკლესიის შენი დოქტრინით და შენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. მყარი უნდა იყო და მტკიცე, მაგრამ ურთიერთობა უნდა შეგეძლოს, დიპლომატი უნდა იყო.

პატრიარქსაც არ ჰქონდა, რომ აი, ვიღაცას დაჰპირისპირებოდა, სულ აბალანსებდა. ჩვენ ასეთი ცხოვრება გვაქვს, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. პატრიარქობა ძალიან დიდი ტვირთია. თუ თვითონ მას [მოსაყდრე შიოს] უნდა და შეძლებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მან უნდა ეს შეძლოს. სინოდმა უნდა უთხრას, რომ შენ ეს შეგიძლია“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა ზენონმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორე დღეს, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალეს.

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ახალი პატრიარქი ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიოს.