მართალ ხალხს ციხეში სვამენ და დამნაშავეები კი პარლამენტში სხედან, სასამართლოებში ასამართლებენ ხალხს, - ამის შესახებ ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა ეშინოდეთ მათ, ვინც უსამართლობას ჩადის.

"როცა ხალხი მეკითხება როგორ ხარო, რაც დღე გადის, უფრო ვცოცხლდები იმიტომ, რომ ქრისტემ თქვა - "მე ვარ სიმართლე და მე ვარ სიცოცხლე" და როცა ადამიანი სიმართლის გზაზე მიდის, ის უფრო ცოცხლდება.

მართალ ხალხს ციხეში სვამენ და დამნაშავეები კი პარლამენტში სხედან, სასამართლოებში ასამართლებენ ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ისინი უფრო კვდებიან, ვიდრე ჩვენ. ჩვენ ვცოცხლდებით, ბოროტება კვდება და დამარცხდება აუცილებლად.

ჩემი სოლიდარობა და თანადგომა ვახოს (სანაიას), ქეთას (ციცქიშვილს) და ყველა იმ ადამიანს, ვინც არ თმობს, ვინც ჯიუტად დგას ამ სიმართლის გზაზე.

ქრისტემ თქვა - "მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება" და ჩვენ ვდგავართ სიმართლის, ჭეშმარიტების გზაზე, ჩვენ ვართ ქრისტეს მსახურები და ჩვენ ვართ მართალი ხალხი, ამიტომ, ჩვენ არ გვეშინია, ეშინოდეთ იმათ, ვინც ბოროტებას და უსამართლობას ჩადიან", - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.