ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ მოვიდე ამ დაწესებულებაში, რომელსაც პოლიციას ვეღარ ვუწოდებ, თვითმარქვია პოლიცია, არალეგიტიმური სტრუქტურაა და მათ უნდა ვუთხრა, რომ ჩემი მეგობრები და ჩემი თანამებრძოლები როგორც დააკავეს და დაატყვევეს, დამატყვევონ ზუსტად იმავენაირად, - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს თუ დააკავებენ 14-ს, შემდეგში უნდა გამოვიდეს ათი ათასი და ვეღარ დააკავებენ ვერავის.

"მე ცოტა ხნის წინ ვიყავი იმ სავალ ნაწილზე, რუსთაველის გამზირზე და გადავკეტე გზა ჩემს სხვა თანამებრძოლებთან ერთად. ამას აქვს მოტივი, მე მგონია, რომ თუ გვინდა გადავრჩეთ და ამ ყველაფერს ვუწოდოთ ბრძოლა, ეს ყველაფერი უნდა იყოს წინააღმდეგობა. დღეს წინააღმდეგობა მხოლოდ სავალ ნაწილზეა.

ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ მოვიდე ამ დაწესებულებაში, რომელსაც პოლიციას ვეღარ ვუწოდებ, თვითმარქვია პოლიცია, არალეგიტიმური სტრუქტურაა და მათ უნდა ვუთხრა, რომ ჩემი მეგობრები და ჩემი თანამებრძოლები როგორც დააკავეს და დაატყვევეს, დამატყვევონ ზუსტად იმავენაირად,  იმიტომ რომ გუშინაც, გუშინწინაც, დღესაც მე ვკეტავდი ამ გზას და რატომღაც ჩემთან არ გამოჩნდნენ და ამიტომ, მე მოვედი ახლა მათთან.

იქიდან რომ გამოვალ, მე ისევ დავბრუნდები ბრძოლის ველზე. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ბრძოლა არის გადარჩენის ერთადერთი გზა. რაც უფრო უკან ვიხევთ, მით უფრო რთულდება ვითარება. თუ ამაზეც უკან დავიხევთ, შეიძლება ხვალ ბრძოლა შეიძლება შეუძლებელი იყოს. რა არის გამოსავალი - ეს არის სოლიდარობა, ოღონდ როგორც მოქმედება და არა "ფეისბუკის პოსტები". მე მგონია, რომ თუ დაგვიჭირეს დღეს 14, მგონია, რომ მაინც ვართ უკომპრომისო ხალხი, ვისაც გვჯერა გამარჯვების და ჩვენ უნდა გამოვიდეთ გარეთ, უნდა გამოვიდეთ 10 000 და ვეღარ დაგვიჭერენ", - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.