ბალდის კანიონის მცველებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობის პირველი სართული დაიკავეს. 

მოქალაქეები სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან ბესიკ ამირანაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი მოთხოვნაა, რომ შეწყდეს კანიონთან დაკავშირებული ძველი ხელმძღვანელის მიერ დადებული ხელშეკრულება.

ასევე, ითხოვენ, რომ გაუქმდეს ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება. 

ადგილზე პოლიციის მისვლა გახდა საჭირო.

კანიონის ერთ-ერთი მცველის განცხადებით, საჭიროა საჯარო შეხვედრა და პრობლემების განხილვა.

"მესამე დღეა, ვითხოვთ საჯარო შეხვედრას, საჯაროობა არის მნიშვნელოვანი, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ჩვენ გვინდა ჩვენს გულისტკივილზე ნებისმიერ ადამიანთან ვისაუბროთ და ეს ფაქტები კორუფციის შესახებ რაც არის, წარვადგინოთ. თუ ვინმეს რამის ეშინია, ეს არის მეორე მხარე. ეს პროექტი არ ემსახურება არც ეროვნულ ინტერესებს, არც ბუნების კეთილდღეობას. ეს არის კორუფციული სქემით გამზადებული", - განაცხადა კანიონის ერთ-ერთმა მცველმა. 

ბალდის კანიონის მცველები უკვე მესამე დღეა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან. საქმე ბალდის კანიონის 40 წლით კერძო კომპანიაზე გასხვისებას ეხება. აღნიშნულს კი კანიონის მცველები 750 დღეა, აპროტესტებენ.