უწმინდესმა ძლიერი სინოდი დაგვტოვა. ნახავთ, რომ ყველანაირ ქარტეხილსაც გადავივლით, არავის არ ჩავრევთ შიგნით, - ამის შესახებ  ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.

"დღეს არის ვნებათაღელვა, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, გეტყვით, იქნება ის, ვისაც სინოდი გამოარჩევს, ბევრი ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს და ეს არის სულიწმიდის გადასაწყვეტი. ამ საქმეში არავინ უნდა ჩაერიოს. ეს გარედან მკითხაობა ზედმეტია. ვისაც მივცემთ ხმას, აუცილებლად იქნება ის. ნებისმიერი იქნება ღირსეული პატრიარქია. და ჩვენი პატრიარქი ილია მეორისგან განსხვავებით, მას დასჭირდება თანადგომა და მხარში დგომა. 39 ეპისკოპოსი დავრჩით სინოდში, ბევრი ვიყავით და 39 დავრჩით და უნდა შევძლოთ, რომ ერთობა და ერთსულოვნება შევძლოთ, უნდა ვემსახუროთ ღმერთს.

უწმინდესმა ძლიერი სინოდი დაგვტოვა. ნახავთ, რომ ყველანაირ ქარტეხილსაც გადავივლით, არავის არ ჩავრევთ შიგნით. ვინც ჩაერევა, იმპერიებს რა მოუვიდათ ჩვენთან რომ ერეოდნენ, იმათაც იგივე მოუვათ, ვინც ჩაერევა - შინ თუ გარეთ. კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, თუმცა ეს სამკითხაო არ არის და სამღვდელოებასაც ძალიან ვთხოვ, ნუ ამატებენ ზედმეტ ვნებათაღელვას. დაგვაცადონ და მივიღებთ იმ  გადაწყვეტილებას ყველას რომ გაუხარდება.

ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია დამერწმუნეთ, არავის არ სჭირდება არც მთავრობის დახმარება არც ოპოზიციის, არც ზედმეტი იმისგან. ყველაფერი უფლისგან იქნება. ჩვენ თუ გვიყვარს ღმერთი და თუ პატრიარქი გვიყვარს, მოვიქცევით ისე, როგორც ჭეშმარიტ ქართველს შეეფერება.

გარეთ ნუ ღელავთ, მერწმუნეთ, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება. იმიტომ, რომ იქნება სამი კანდიდატი. სამ ღირსეულ კანდიდატს გამოვარჩევთ და იმ ღირსეული კანდიდატებიდან კიდევ ღირსეულს ავირჩევთ, რომლებსაც არ ავირჩევთ ისინიც ღირსეულები იქნებიან. რომელსაც არ გვინდა პატრიარქობა, ისინიც ღირსეულები არიან, მერწმუნეთ.

ჩვენი პატრიარქის შემდეგ პატრიარქობა, თუ გვერდში არ დაგიდგნენ, წარმოიდგინე რა ძნელი იქნება. უწმინდესმა ისე გაგვზარდა, ბოლო 9 წელი გვასწავლიდა, რომ ერთად ვმდგარიყავით. მოსაყდრე რომ გამოირჩია, მეუფე შიო, იქ ყველა საკითხს გავდიოდით ერთად. ამიტომ, უცხოები აღარ ვართ, მაგით მიგვაჩვია იმას, რომ მარტო სინოდზე კი არ ვხვდებოდით ერთმანეთს, ხშირად ვიკრიბებოდით, ძმობა და მეგობრობა გვაქვს. ამიტომ დაპირისპირებაც არ იქნება. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს დედა ეკლესია", - განაცხადა მეუფე იაკობმა.