დაკავებულ ექიმს მაია კოხტაშვილს საპატიმრო გირაოს თანხა, 50 ათასი ლარი მოქალაქეებმა შეუგროვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს.

თანხა თელავის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან რამდენიმე წუთში აგროვდა.

"მეგობრებო, #მაიაექიმისთვის 50 ათასი ლარი შეგროვდა ერთ საათში, მის გამოსახსნელად. მადლობა ყველას.
აღარ ჩარიცხოთ!

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხალხის საყვარელ ექიმს, ჩვენი თანამებრძოლების დედას გამოვიხსნით. დანარჩენს, რა ხდებოდა დღეს სხდომაზე და ამ საქმის დეტალებს წვრილად მოგიყვებით. ახმეტაში ვაგრძელებთ მუშაობას რეპორტაჟზე!", - წერს სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი. 

მაია კოხტაშვილი საპატიმროს სწორედ მას შემდეგ დატოვებს, რაც გირაო დაიფარება.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ნევროლოგს მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო დღეს შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო. ასევე, ბრალდებულ ექიმს სასამართლომ დაავალა, ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს, აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთაც.

მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა.

ადვოკატის მტკიცებით, ეს კაცი სინამდვილეში პროვოკატორი აღმოჩნდა, რომელსაც ახლა აქციების მონაწილე ექიმის დასასჯელად იყენებენ.

როგორც სხდომიდან ხდება ცნობილი, პირი, რომელიც ექიმთან მიგზავნილი პირი აღმოჩნდა, ფინანსური პოლიციის თანამშრომელი ბექა მარტყოფლიშვილია.

ფინანსური პოლიციის მტკიცებით, კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.