პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს არა სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან წამოსული დავალება სრულდება უსიტყვოდ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მოსამართლე ეკა ბარბაქაძეს თავიდანვე ვუთხარით, რომ ის დავალების შემსრულებელია, რაზეც სხდომის დასაწყისში ჰქონდა პროტესტი, თუმცა სხდომის შემდეგ, როდესაც ვუთხარით, რომ დავალება პირნათლად შეასრულა, ის პირნათლად დაგვეთანხმა. ცხადია, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს არა სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან წამოსული დავალება სრულდება უსიტყვოდ. ჩვენ სხვა მოლოდინი არც გვქონია. არ შეიძლება არსებობდეს რაციონალური დასაბუთება იმის, რომ გია ბარამიძემ დანაშაული ჩაიდინა.

მოსამართლეს არაფერი არ აუხსნია, მან თქვა, მიმალავის საფრთხე არ არისო, მაგრამ სხვა ორ საფრთხეს ვხედავო, მაგრამ ამ სხვა ორ საფრთხეს რაზე დაყრდნობით ხედავს, არ დაუსაბუთებია.

პროკურატურას ჰქონდა მხოლოდ პროპაგანდისტული ნარატივები, არგუმენტები და მტკიცებულებები არ ჰქონია.

არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, მაგალითად ბრალში წერია, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს შეექმნა საფრთხე. ეს პროკურორმა უნდა შეაფასოს? მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხეს რამე? ამბობენ, რომ ჯარში პატრიოტული სულისკვეთება შესუსტდა გია ბარამიძის განცხადების გამოო, ასეთი აბსურდს და სისულელეს ამბობენ.

საქმეში დევს იმ ადამიანების ჩვენებები, რომელთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გია ბარამიძის მიმართ აქვთ ნეგატიური განწყობები.

პროპაგანდისტულად აიტაცეს ეს თემა და მოღალატე ხელისუფლებას უნდა უკან შემოგვიტრიალოს. გია აქტიურობს და გიას პოლიტიკური ფიგურა ყელში ეჩხირებოდათ", - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 11 სექტემბერს დააკავა. ბრალდება 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.