გუშინ დამირეკა მამა მიქაელ ბოტკოველმა და მითხრა, რომ ოთხშაბათს 13:00 საათზე მეუფე შიოს, მეუფე თეოდორეს უნდა შენთან გასაუბრებაო, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, საქმე ეხება მეუფე შიოსთვის მის მიერ ეგზარქოსის წოდებას.

"გუშინ დამირეკა მამა მიქაელ ბოტკოველმა და მითხრა, რომ ოთხშაბათს, 13:00 საათზე მეუფე შიოს, მეუფე თეოდორეს უნდა შენთან გასაუბრებაო. სავარაუდოდ, დაბარებული ვარ იმაზე, რომ მეუფე შიოზე ვთქვი ეგზარქოსი. მმართველს ნიშნავს თვითონ სიტყვა "ეგზარქოსი", არის ეპისკოპოსი, უბრალოდ, ეპისკოპოსი, რომელიც რუსეთის მხარეს დგას. ამას მე რატომ ვამბობ? მე ჩემს სიტყვებს არ ვიბრუნებ. ეს მე ვთქვი იმიტომ, რომ როდესაც მე დავინახე ქუჩაში ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, ქალებს, ბიჭებს, მოხუცებს სცემდნენ, ასისხლიანებდნენ და მეუფისგან ერთი სიტყვა არ გამიგია, რომ ნუ აკეთებთ ამას. ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, რომლებიც გამოსულები იყვნენ? გამოსულები იყვნენ რუსეთის საწინააღმდეგოდ. ერთი სიტყვა არ გამიგია მეუფისგან, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი საქართველოს მტერია. სად დგახართ, მეუფევ? საქართველოს მხარეს დგახართ, თუ რუსეთის? 

როცა მამა ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არცერთ ეპარქიაში, ეკლესიაში არ დარჩებოდაო ისე და ამის გამო პასუხი უნდა აგოსო, მე ვეტყოდი მამა ანდრია ჯაღმაიძეს, რომ მისი განცხადება არ იყო უპასუხისმგებლო, მამა დოროთეზე რომ თქვა, მოძალადე არისო?", - განაცხადა არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ.