მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა, პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს.

მარიამ ბაჯელიძის თქმით, მასთან საბოტაჟის მუხლით იყვნენ გამოძიებაზე მისული და წაღებული აქვთ პირადი მობილური.

"4 ადამიანი იყო, სამხრე კამერები რომ ჰქონდათ ჩართული დავინახე. მითხრეს, რომ პროკურატურიდან იყვნენ და ჩხრეკის უფლება ჰქონდათ. შემოვიდნენ და ჩამომართვეს მობილური ტელეფონი, მითხრეს, რომ გადაღების უფლება არ მქონდა. ადვოკატთან დაკავშირება ვერ მოვახერხე. 7 წლის შვილთან ვიყავი და დამატებითი სტრესის ასარიდებლად შემოვუშვი ისინი. მობილურის წაღების შემდეგ ამიხსნეს, რომ საბოტაჟის მუხლით იყვნენ გამოძიებაზე, ასევე უცხოეთიდან დაფინანსების კანონი მიხსენეს. ძალიან ზედაპირულად ჩაატარეს, იცოდნენ, რომ მობილური უნდა ამოეღოთ და ლეპტოპიც წაიღეს. 

მე რომ კრიმინალი არ ვარ, ამაში თავადაც დარწმუნდებიან. დაშინების მცდელობაა და მცდელობაა, თავიანთ ამომრჩეველს დააჯერონ, რომ ქვეყანაში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის საბოტაჟირებას ცდილობენ", - განაცხადა მარიამ ბაჯელიძემ.

საქმე სავარაუდოდ, პროკურატურის მიერ საბოტაჟის საქმეზე ვატო შაქარიშვილის მიმართვის შედეგად დაწყებულ გამოძიებას ეხება. ამ გამოძიების ფარგლებში „ნანუკას ფონდის”, „ფროსფერითის”, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის”, „სირცხვილიას” და „ფონდის ერთმანეთისთვის” საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.