“ეს არ არის მარტო ერთი ქალის მკვლელობა, ერთი ადამიანის ტრაგედია”, – ასე ეხმაურება აქტივისტი ნატა ტალიკიშვილი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას.  მისი შეფასებით, მომხდარი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ლგბტქ თემის სხვა წევრებზე, მათ უსაფრთხოებსა და კეთილდღეობაზე.

“მიუხედავად იმისა, რომ ასე ახლოს არ ვიცნობდი, პატივს ვცემდი, მიყვარდა და ვაფასებდი ამ ადამიანს. ჩვენთან შედარებით უფრო ხელშეუხებელი ქალი იყო კესარია, უფრო მეტი ძალა ჰქონდა, უფრო მეტი კავშირებით, ფინანსებით და შესაძლებლობებით. უფრო მეტი გამოცდილებითაც – ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ ქვეყანაში ქამინგაუთი გააკეთა [საჯაროდ განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალია]. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში ეს ქალი მოკლეს. რისი განცდა უნდა ჰქონდეს 18-20 წლის ტრანს ქალს? უსაფრთხოების განცდა ექნება? არა. თუმცა, არა მარტო პატარები, დიდებიც საკმაოდ პანიკაში ვიყავით გუშინ. ფსიქოლოგიურად დამანგრეველი იყო ამის გაგება. ძალიან დიდ ტრაგედიასთან ერთად ძალიან ცუდი სიგნალი იყო ქვიარ თემისთვის კესოს მკვლელობა”, – ამბობს ტალიკიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ის გვიყვება, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა აგრესია და თავდასხმების მცდელობები ქვიარ თემის მიმართ. ამის ერთ-ერთ მიზეზად ტალიკიშვილი “ქართული ოცნების” მიერ ოჯახური ღირებულებებისა დაცვის საბაბით მიღებულ, ჰომოფობიურ, ღირსების შემლახველ და ცენზურის დამაწესებელ კანონს მიიჩნევს. ასევე, იმ ძალადობის წამახალისებელ და დისკრიმინაციულ რიტორიკას, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად გვესმის საჯარო დღის წესრიგში.

“ჩემი პირადი გამოცდილებით, ბოლო თვეებში, ამ აქციების დროს მოიმატა და შემდეგაც გაგრძელდა აგრესია და თავდასხმების მცდელობები. დღეში 2-3 თავდასხმის მოგერიება მიწევს ქუჩაში. მანამდე ასე არ იყო. არის პერიოდები, როცა იმატებს უსაფრთხოების რისკი და მაგ დროს თავის დაცვა უფრო რთულია. არ ვიცი, ეს პოლიტიკური განცხადებების გამოა თუ ამ ახალი კანონის გამო.

ეს ტრანსფობიური და ჰომოფობიური განცხადებები საპატრიარქოსგან, სახელმწიფოს მხრიდან, “ალტ-ინფოს” მხრიდან, ტრანს ადამიანების ნეგატიურ კონტექსტში გამოჩენა და ჩვენ მიმართ ზიზღის გაღვივება საზოგადოებაში პირველი არ არის. ახლა წინასაარჩევნოდ დაიწყო აბსურდული დაპირებები – ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა აიკრძალოს კასპშიო. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ამბობს, რომ აი, ავკრძალოთ ტრანს-თემი. ისე ხომ რას ამბობ, მაღიარებდნენ, ყველა პირობა მქონდა შექმნილი, რომ ცხოვრების ხარისხი გამეუმჯობესებინა და ბედნიერი ვყოფილიყავი და ახლა კიდევ აკრძალვა მაკლდა”, – ამბობს ნატა ტალიკიშვილი.
მისი შეფასებით, სახელმწიფოს არა თუ არ აქვს მზაობა გააუმჯობესოს ლბგტქ თემის უფლებები, არამედ განზრახ უწყობს ხელს ზიზღისა და სიძულვილის გაღვივებას მათ მიმართ. გარდა იმისა, რომ ამით ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს, ტალიკიშვილი კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს:

თუ ლბგტქ თემი აგრესიის და სიძულვილის ობიექტი იქნება, მისი წევრობა ან მათთან ურთიერთობა ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის, შესაძლოა, კომპრომატი იყოს. ტალიკიშვილის თქმით, სახელმწიფო მანიპულირებს იმ ადამიანებით, ვისი პირადი ცხოვრების შესახებაც ინფორმაცია, მათ შორის, უკანონო გზებით შეიძლება მოიპოვონ. 

“რაც უფრო მოწყვლადია ამ ქვეყანაში ტრანს ჯგუფი, უფრო მარტივია იმ ადამიანების მართვა, რომლებსაც ტრანს და ლგბტქ თემთან შეხება აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ურთიერთობა იქნება სექსუალური თუ უბრალოდ მეგობრული. შეუძლიათ ამ ინფორმაციის მოპოვებით  მათი დაშანტაჟება.

ინსტრუმენტალიზება ხდება მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, საარჩევნო მიზნებისთვის. პოლიტიკოსები თავიანთ პირად ვნებებს სწირავენ ამხელა თემს. პატარა თემი არ ვართ საქართველოში. არ ვიცი რამდენი ხანი უნდა იბრძოლოს ტრანს თემმა ამ ქვეყანაში თანასწორობისთვის და ბედნიერებისთვის, უბრალოდ მშვიდი ცხოვრებისთვის. კიდევ რამდენმა მთავრობამ უნდა იმანიპულიროს ჩვენით”, – ამბობს ტალიკიშვილი.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან? ნატა ტალიკიშვილი ამ კითხვას ერთი წინადადებით პასუხობს:

“მეტი ქალი პოლიტიკაში და მეტი ქალი პოლიციაში მგონია რაღაცებს რადიკალურად შეცვლიდა ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ”.

კესარია აბრამიძე გუშინ, 18 სექტემბერს მოკლეს. პოლიციამ უკვე დააკავა სავარაუდო დამნაშავე, 26 წლის კაცი. გამოძიება გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.