მე მინდა მათ იცოდნენ, რომ გიგა ავალიანის დაოსებული დედა იქნება მათ გვერდით. ჩვენ არ გაგვიზრდია კარგი გიგა, თამარი, კარგი ნიკო, იმისთვის, რომ მერე სადისტებმა მიწის ქვეშ ამოგვიფინონ, - ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მისვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გამოიძიონ საქმე და დაისაჯოს დამნაშავე.

"რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს ჩემგან მხარდაჭერა სჭირდებოდათ და რა თქმა უნდა, უყოყმანოდ მოვაშურე. მე მინდა მათ იცოდნენ, რომ გიგა ავალიანის დაოსებული დედა იქნება მათ გვერდით. ერთი ადამიანი, რომ სჭირდებოდეთ, ის ერთი ადამიანი - მე მუდამ ვიქნები მათ გვერდით. ჩვენ არ გაგვიზრდია კარგი გიგა, თამარი, კარგი ნიკო, არ ჩამოვთვლი ბავშვებს, არ მინდა, რომ რომელიმე გამომრჩეს, იმისთვის, რომ მერე სადისტებმა მიწის ქვეშ ამოგვიფინოს. აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა სავარაუდო დამნაშავე და ყველა უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურას ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართა. ოჯახის მხარდასაჭერად ადგილზე მივიდნენ გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე და დაკავებული აქტივისტების დედები.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.