მთელი აზარტით შევიდა გიორგი მალანია ამ ყველაფერში და სიხარულით მისცა ყველა ინფორმაცია ალექსანდრე გაბაშვილს, - ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი მალანიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

"მე მოლოდინი მაქვს მაქსიმალური სასჯელის. გიორგი მალანიას და ალექსანდრე გაბაშვილს ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან პირდაპირ, სატელეფონო კავშირით, ვაცაფით, მესინჯერით, ტიკტოკით და ეს მესინჯერი და ტიკტოკი უამრავი ჰქონდა გიორგი მალანიას.

28 სექტემბერს 6-ის წუთებზე დაუკავშირდა ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას იმ მიზნით, რომ გიგა ავალიანის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა და უკვე 29-ში, საღამოს 8 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილს ჰქონდა ყველა ცოდნა, უმრავლესი მაინც არ სჭირდებოდა და ჩასაფრებაში იყო უკვე ჩვენს სახლთან. ერთ დღეში, ხალხო, ერთ დღეში! ეს იმას ნიშნავს, რომ კი არ დააშინა გაბაშვილმა მალანია, როგორც ოჯახი ამბობს: "ბოთე, გულუბრყვილო ბავშვი", მანიპულირება კი არ მოახდინა ალექსანდრე გაბაშვილმა, უფრო მეტიც, მთელი აზარტით შევიდა გიორგი მალანია ამ ყველაფერში და სიხარულით მისცა ყველა ინფორმაცია ალექსანდრე გაბაშვილს, რაც სჭირდებოდა დანაშაულის სრულყოფისთვის", - აცხადებს ეკა კუპატაძე. 

გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.