განათლების სამინისტრომ რეორგანიზაციის ფარგლებში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გააუქმა, - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ადრეული განათლების და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ცირა ბარქაია სოციალურ ქსელში წერს.

"გუშინ გვიან ღამე ოფიციალურად შევიტყვეთ, რომ განათლების სამინისტროში გაუქმდა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო.

ეს ე.წ. რეორგანიზაციის ნაწილია — რეალურად კი ძალაუფლების კონცენტრაციის, პასუხისმგებლობის გაქრობის და პროფესიონალების სისტემიდან განდევნის მექანიზმი.

ცხადია, სამმართველოს გაუქმება არ ნიშნავს სისტემურ წარმატებას. ინკლუზია არ გაძლიერებულა ისე, რომ მის მხარდაჭერას აღარ სჭირდება სპეციალური სტრუქტურა. პირიქით — ეს ნიშნავს, რომ ინკლუზია აღარც პრიორიტეტია და აღარც მინიმალური ვალდებულება.

ვისაც ამ სფეროში ოდესმე უმუშავია, იცის: ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი ბერკეტი, რომელიც პროფესიაზე, ადამიანებზე, შედეგზე ორიენტირებული მუშაობის საშუალებას გვაძლევდა — წინააღმდეგობების მიუხედავად.

ახლა კი გაუქმდა სტრუქტურა, რომელიც იცავდა იმ ბავშვებს და მასწავლებლებს, ვისაც ყველაზე ხშირად არ უსმენენ.

2007 წელს ამ გზას როცა დავადექი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 2025-ში ისევ თავიდან მოგვიწევდა ახსნა, რატომ სჭირდება ქვეყანას ინკლუზიური განათლების ინსტიტუციური მხარდაჭერა.

ეს გადაწყვეტილება ერთ სამმართველოს კი არა, ხედვას, ღირებულებებს და მომავალზე ზრუნვას აუქმებს.

ეს ნაბიჯი კიდევ ერთი ნაპრალია. ნაპრალი, რომელიც ჩამოშლის ქვეყანას.

გაიტანეთ გრენლანდია",- წერს ცირა ბარქაია.