საქმე, რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია. ოქმიც არის გაყალბებული. კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია, - ამის შესახებ "ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის უკანონოდაა დაკავებული.

"საქმე, რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია. ოქმიც არის გაყალბებული. სტიკერი ნამდვილად გავაკარი სრულიად გააზრებულად. კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია და არც მოწოდებები იყო. 

ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო - ესეც სიცრუეა. უბრალოდ, ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, რომ ამ სიტყვებს გამოვიყენებდი მე. არც დახურულ სივრცეში და არც საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. კარგი იქნება, თუ სასამართლო მე და ჩემ ადვოკატებს მოგვცემს იმის უფლებას, რომ ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცოთ", - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებული ამაღლობელი დისტანციურად ესწრება. ასევე, სხდომაზე ნორვეგიისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებიან.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ უნდა განაცხადოს,  დაკითხავს თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს გრიგოლ ბესელიას. 

"ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს.