მეხანძრე-მაშველმა ბექა დაუდაშვილმა „იმედის დღეში“ დეტალურად ისაუბრა 3 წლის თაიას ნანგრევებიდან ამოყვანამდე თუ როგორ განახორციელეს სამაშველო პროცესი.

მისი თქმით, კორპუსში ნანგრევების ჩამოშლის საფრთხის გამო, მათ დღის განმავლობაში სამაშველო პროცესის შეწყვეტა რამდენჯერმე მოუწიათ.

"დღის განმავლობაში მოგვიწია რამდენჯერმე გაჩერება და სტრუქტურულად სხვადასხვა მიმართულებაზე გადაწყობა და სხვაგვარად სამუშაოების დაგეგმვა, რადგან მთლიანი შენობა იყო ამორტიზებული. დროში გაწელილი იმიტომ გამოვიდა აღნიშნული ღონისძიება. როდესაც ვიწყებდით სამუშაოებს, მძიმე ტექნიკის ჩართულობა მაქსიმალურად ძალიან დაბალ ნიშნულზე ჩამოვწიეთ, რადგან ხელით იყო სამუშაოები შესასრულებელი, ანუ ვიბრაციას იღებდა შენობა და ჩამოშლის საფრთხე იყო. აქედან გამომდინარე, რამდენჯერმე გადავეწყვეთ სტრუქტურულად სწორად, რომ შეგვემცირებინა მეხანძრე-მაშველების რაოდენობა შესასრულებელ საქმეზე და რაც შეიძლება ცოტა მეხანძრე-მაშველი ყოფილიყო შიგნით, რადგან სამუშაოები ფრთხილად, ხელით იყო შესასრულებელი. თუნდაც, ბავშვის გამოყვანის შემთხვევა - ამ დროს ისეთი მტვერი დგება, შესაძლოა, შენ თვითონ დააზიანო, თუ სიზუსტით არ შეასრულე სამუშაოები“, - განაცხადა ბექა დაუდაშვილმა.

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის კახაბერ ჭელიძის განცხადებით, ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად კლინიკაში მოთავსებული ორი არასრულწლოვანის, 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში ფსიქოლოგები ჩაერთვებიან.

ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.