თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საგზაო ნაწილის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

"გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო არეალი, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს  მოიცავს.

დედაქალაქში გამტარუნარიანობის თვალსაზრისით ეს საკმაოდ პრობლემური ადგილია, განსაკუთრებით პიკის საათებში. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია. ასევე, გარე განათების ქსელის მოწყობა LED ლამპიონებით. უკვე მიმდინარეობს სადენების მიწის ქვემოთ ჩატანა. ასევე, უსაფრთხოების კუნძულები მოეწყობა, დაიზახება ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლითაც საავტომობილო მოძრაობა დარეგულირდება. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში იწარმოებს.

"პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ მოგვიწია გარკვეული არეალების გამოსყიდვა. ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. ამისთვის კომპანიებს თანამშრომლობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა.

აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დღეს არსებული ვითარება, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს, მოგვარდეს და ამ კვანძზე მოძრაობა შედარებით თავისუფალი იყოს. პროექტი დაახლოებით, ორ თვეში დასრულდება. დღის განმავლობაში ჩვენ მუშაობას ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ. ამიტომ სამუშაოების შესრულება ძირითადად ღამის საათებში მოგვიწევს“, - განაცხადა თბილისის მერმა.