ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ის ასეთი სიყვარულით გვემსახურება. ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით, ის ყოველთვის ჩვენ გვერდით არის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მთავარანგელოზობას, თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

შიო მესამემ საზოგადოებას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.

"სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.

მაღალღირსო მამაო ალექსანდრე, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო,

გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს – მთავარანგელოზ მიქაელის და სხვა უხორცო ზეციური ძალების ხსენებას, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს.

მოგეხსენებათ, რომ სულიერი სამყარო არ შედგება მხოლოდ ადამიანთა სულებისგან, არამედ ასევე – მთავარანგელოზების, ანგელოზების, ზეციური ძალების აურაცხელი სიმრავლისგან. ეს უხილავი სულიერი სამყარო შეიქმნა უფრო ადრე, ვიდრე ხილული ქვეყანა. წმინდა წერილი ასე იწყება: „პირველად ღმერთმა შექმნა ცა და ქვეყანა“ (დაბ. 1, 1). შემდეგ ბიბლია მოგვითხრობს ხილული სამყაროს შექმნაზე. მაშასადამე, პირველად ღმერთმა შექმნა ზეცა. სწორედ ამ სიტყვებით მიგვითითებს წმინდა წერილი ანგელოზთა უხილავ სამყაროს შექმნაზე.

ანგელოზთა სამყაროში თავიდან ყველა წმინდა და კეთილი იყო. შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, ნაწილი აუჯანყდა ღმერთს და წარმოიქმნა ბოროტი ანგელოზების სამყარო.

ამ უხილავი, ზეციური სამყაროს დანახვა და გაგება მიწიური ადამიანისთვის ძალიან რთულია, შეუძლებელია, მაგრამ წმინდა წერილში გარკვეული რამ გვეხსნება ანგელოზების შესახებ. ასევე, წმინდანები, წმინდა ადამიანები მოგვითხრობენ ანგელოზთა თაობაზე. რატომ? იმიტომ, რომ როგორც ამბობს უფალი, მათ ეს ხედვა ეძლევათ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათი ღმერთი იხილონ“ (მთ. 5, 8 ).

აქედან ვიცით, რომ ზეციური ძალები არიან ძლიერი, კეთილი, წმინდა სულები, რომლებიც ღმერთს და ადამიანებს ემსახურებიან. ყველა მათგანი არ არის ერთმანეთის თანასწორი. ზეციურ სამყაროში არის სამი იერარქია და ცხრა დასი. მთელი ამ ანგელოზთა დასის მხედართმთავარი და მეთაური არის მიქაელ მთავარანგელოზი, რომლის და მთელი სხვა ზეციური უხორცო ძალების ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ.

ასევე, მართლმორწმუნე ქრისტიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ბოროტებისგან, მაგრამ თვითონვე განვაგდებთ ამ ჩვენს მფარველ ანგელოზს, როდესაც ვცოდავთ, ბოროტებაზე ვთანხმდებით; მაშინ ეს ანგელოზი განიცდის, ტირის და წუხს. და, პირიქით, მოვიზიდავთ მას ჩვენკენ, როცა ვიჩენთ მოშურნეობას და სწრაფვას სიწმინდისკენ, სულიერებისკენ.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. როგორც გითხარით, ის ჩვენც გვემსახურება. მისი მსახურება არის თავგანწირული სიყვარულის მსახურება. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ის ასეთი სიყვარულით გვემსახურება.

ამ სიყვარულის ძალა აქცევს მას ჩვენს დიდ მეგობრად. თანაც, როგორი მეგობარი გვყავს, წარმოიდგინეთ. რა ბედნიერი ვართ. რა სიხარულია, რომ ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით. ის ყოველთვის ჩვენ გვერდით არის. ეს არის მეგობარი, რომელსაც აქვს ძალა, რომლის მსგავსი სხვა ძალა დედამიწაზე არ არსებობს. ასეთი სიყვარულით გვემსახურება და გვეხმარება. თანაც, მისი მსგავსი სიყვარული ჩვენ არ შეგვწევს, ისე ვუყვარვართ. ჩვენ არ შეგვწევს, მას კი ასე ძლიერ ვუყვარვართ, ასეთი ძლიერი სიხარულია ჩვენთვის.

ასე რომ, გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდ სიხარულს და გისურვებთ, ეს სიხარული მუდამ თქვენთან ყოფილიყოს. ამისთვის ყოველთვის ვევედროთ წმინდა ანგელოზებს, წმინდა მთავარანგელოზებს:

წმინდა მთავარანგელოზო მიქაელ და ყოველნო ზეცისა უსხეულონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის. წმინდაო მფარველო ანგელოზო ჩემო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს“, – განაცხადა შიო მესამემ.

ამასთან, შიო მესამის თქმით, დამწუხრებულია დღეს მთელი ქვეყანა, გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.

„დღეს განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს, ასევე ჭირისუფლებს, მათი ოჯახის წევრებს და დაშავებულებს, რომელთაც ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.

ძვირფასო, მამა ალექსანდრე, რა თქმა უნდა, დღეს ვიხსენებთ თქვენს შესანიშნავ ვაჟს, რომლის გარდაცვალებიდან მალე ერთი წელი გავა. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ. მის სულსაც ვუსურვებ ანგელოზთა შეწევნას, თქვენ კი – გაძლიერებას.

მინდა, დღეს განსაკუთრებული სიყვარული გამოვხატო თქვენ მიმართ, თქვენი საქმიანობის, ღვაწლის მიმართ. ჩვენ გვაკავშირებს მრავალწლიანი ურთიერთობა. ძალიან მოხარული ვარ დღეს თქვენთან ერთად მსახურებით, აქ ყოფნით, წირვით.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავგანწირული მსახურებისთვის ღვთის წინაშე, ეკლესიის წიაღში. თქვენ ბევრი ადამიანი მოიყვანეთ ეკლესიაშია თქვენი დიდი სითბოთი, სიყვარულით, მადლიანი სიტყვით, გონიერებით. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ.

თქვენთან ერთად ვლოცავ ამ ტაძრის სამღვდელოებას.

ასევე, მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო თქვენი და თქვენი სამრევლოს საქველმოქმედო საქმიანობა. თქვენი საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ უკვე 15 წელია, ყოველდღიურად 250 ადამიანს კვებავს. ეს ძალიან დიდი საქველმოქმედო საქმეა ჩვენს ეკლესიაში, რომელსაც ასეთი დიდი თავგანწირვითა და რუდუნებით აღასრულებთ. მინდა, გისურვოთ შემდგომი წარმატებები და დიდხანს სიცოცხლე, ამ შესანიშნავ ორგანიზაციას კი – მრავალჟამიერ საქმიანობა და წარმატება.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ნიშნად ჩვენი თქვენდამი პატივისცემისა და სიყვარულისა, საჩუქრად გადმოგცემთ ძვალზე ამოკვეთილ ჯვარს, ის ყოფილიყოს თქვენი შემწე და მფარველი.

ასევე, წლევანდელ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დავამზადეთ სპეციალური საიუბილეო სამღვდელო ჯვრები, ესეც გვინდა, საჩუქრად გადმოგცეთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ამ ტაძრის დეკანოზი ლევან ალადაშვილი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრით, აქსიოს. ღმერთმა დაგლოცოთ, მთავარანგელოზებმა დაგლოცოთ.

მთავარანგელოზ მიქაელისა და ყოველთა უხორცოთა ზეციურთა ძალთა ლოცვითა და მფარველობით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

პატრიარქმა ტაძრის დანარჩენ სამღვდელოებას ასევე გადასცა საიუბილეო სამღვდელო ჯვრები, მრევლს კი დაურიგა ჯვრები, რომლებიც დამზადდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.