თქვენ რომ გაგასამართლებენ და აუცილებლად გაგასამართლებენ გუშინდელი და არამარტო გუშინდელი გადაწყვეტილებების გამო, არავინ დაგაფასებთ, თქვენთვის არავინ დაღვრის ცრემლებს, - ამის შესახებ დაკავებულმა აქტივისტმა რეზო კიკნაძემ განაცხადა და მოსამართლეს მიმართა. 

მან დაკავებულ მათე დევიძესაც მიმართა, რომ მალე აუცილებლად გათავისუფლდებიან.

"თქვენ რომ გაგასამართლებენ და აუცილებლად გაგასამართლებენ გუშინდელი და არამარტო გუშინდელი გადაწყვეტილებების გამო, არავინ დაგაფასებთ, თქვენთვის არავინ დაღვრის ცრემლებს, თქვენთვის არავინ გაავსებს სასამართლოს ეზოებს და თქვენზე არავის აუჩუყდება გული. არ გეგონოთ, რომ არ მოგეკითხებათ იმ უკანონობის გამო, რაც გადაწყვიტეთ და რაც გადაგიწყვეტიათ.

მათეს მინდა ვუთხრა - ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ჩვენ აუცილებლად წამოვდგებით, ერთმანეთს წამოვაყენებთ და იმ გიტარაზეც ერთად დავუკრავთ", - განაცხადა რეზო კიკნაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.