განსხვავებულობანი არ უნდა გახდეს ადამიანებს შორის წუხილის, შფოთვის და მით უფრო, გაბოროტების საგანი, არამედ, გონიერი ადამიანებისთვის ეს არის ერთგვარი სიმდიდრე, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ საზოგადოება, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ, გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე გრიგოლის თქმით, ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული ხასიათი, სხვადასხვა ნიჭები, განსხვავებული ხედვები, მეტად ან ნაკლებად სიღრმისეული აზროვნება, ურთიერთგანსხვავებული ანალიტიკური უნარები.

"თავნი მოციქულთა პეტრე და პავლე არიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქრისტიანობის წიაღი აერთიანებს უბრალო მეთევზეს და გენიალურ ფილოსოფოსს, მგზნებარე რწმენას და უმაღლეს, დახვეწილ ინტელექტს და სწორედ ეს ქმნის იმ უნივერსალურ გარემოს, სადაც ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და ამდიდრებენ. ამ ორ დიდ წმინდანს ეკლესიამ უწოდა თავნი მოციქულთა და ერთად იხსენიებს, რამეთუ ისინი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოადგენენ მართლმადიდებლი ეკლესიის ორ დიად სვეტს.

ეკლესიის წევრთა შორის ადგილი აქვს ხოლმე განსხვავებულ ხედვებს, განსხვავებულ აზრებს, განსხვავებულ აღქმებს, თუნდაც განსხვავებულ პოზიციებს; ამ მხრივ არც მოციქულები, მათ შორის, პეტრე და პავლე, ყოფილან გამონაკლისნი. ცნობილია მათი განსხვავებული პოზიციები იერუსალიმის კრებაზე. ეკლესიაში ყველა ერთნაირი ვერ ვიქნებით. ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული ხასიათი, სხვადასხვა ნიჭები, განსხვავებული ხედვები, მეტად ან ნაკლებად სიღრმისეული აზროვნება, ურთიერთგანსხვავებული ანალიტიკური უნარები.

ეს განსხვავებულობანი არ უნდა გახდეს ადამიანებს შორის წუხილის, შფოთვის და მით უფრო, გაბოროტების საგანი, არამედ, გონიერი ადამიანებისთვის ეს არის ერთგვარი სიმდიდრე, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ საზოგადოება, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ, გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ; ჩვენ ყველა ერთი სხეულის ნაწილები ვართ. პავლე მოციქულის მაგალითი თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ღვთის მადლს შეუძლია ყველაზე სასტიკი გულიც კი სიყვარულის იარაღად აქციოს.

ძვირფასო ძმანო და დანო, მარხვა დასრულდა, თუმცა ჩვენი სულიერი ღვაწლი არ დასრულებულა; ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ ყოველივე ის სიკეთე, რაც მარხვისას მოვიპოვეთ.

დაე, წმიდა მოციქულთა მეოხებით ღმერთმა დალოცოს და განამტკიცოს ჩვენი ერთგულება მართლმადიდებლობის წიაღისადმი. დაე, ღმერთმა დალოცოს, განამტკიცოს, გააძლიეროს ყოველი ერი სიწმიდეში, ყოველგვარ სიკეთესა და სიყვარულში. ნუ შევუშინდებით ცხოვრებისეულ განსაცდელებს და ნუ დაგვაბრკოლებს ადამიანური უძლურებანი ჩვენი ჯვრის ზიდვაში. დექით მტკიცედ და შეურყევლად! მიზანდასახულობითა და საქმისადმი ერთგულებით, მტკიცე რწმენით, იმედითა და სიყვარულით, ყველაფერს დავძლევთ. ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.