მოტივი, რაც სახელდება, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ტყუილია, ეს მკვლელობა არის შეკვეთილი მოტივით, - ამის შესახებ მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ იზა ომაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 5 წელი დასჭირდა პროკურატურას საქმის გასახსნელად.

"5 წელი დასჭირდა იმას, რაც ვნახეთ დღეს პროკურატურის ბრიფინგზე. მე ვამბობ, მეორე დღესვე ნიკო კვარაცხელიას საქმე იყო გახსნილი იმიტომ, რომ ტაქსის მძღოლმა, ღირსეულმა მოქალაქემ ისეთი ჩვენება მისცა პროკურატურას, რომ მარტო მაგ ჩვენებით შეეძლოთ მონაწილე ფიგურანტების გამოვლენა და დაკითხვა, მაგრამ არ ვიცი, რატომ შეიკავა თავის დროზე თავი პროკურატურამ და არია ყველაფერი. 5 წლის თავზე ისეთ კადრებს გვაჩვენებს, რაც შეიძლება მეორე დღესვე ეჩვენებინათ.

არ იყო პოლიტიკური ნება მაშინ. ამ ჯერზე ვიღაცას ეყო კეთილგონიერება და გადაწყვიტა, რომ ეს საქმე უნდა გაიხსნას, მაგრამ მოტივი, რაც სახელდება, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ტყუილია და რა იყო ამის მიზანი, სახელებით და გვარებით დავიწყებ მე ამაზე საუბარს. ეს მკვლელობა არის შეკვეთილი მოტივით", - განაცხადა იზა ომაძემ.

პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 20 წლამდე, ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას მიმართ კი ძებნა გამოცხადდება.