2025 წლის 3 ივლისიდან 1 აგვისტომდე, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საგამოცდო დღეებში, ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან.

"ახლოვდება ეროვნული გამოცდები, მინდა აბიტურიენტებს წარმატებები ვუსურვო და მივაწოდო მათთვის საჭირო ინფორმაცია. 3 ივლისიდან 1 აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

N39-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტები მგზავრებს  ალექსანდრე გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან (მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან. N147-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა). ხოლო N103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ  მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი).

საგამოცდო პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლებში 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.