შინაგან საქმეთა სამინისტრო დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს კანცელარიის წინ მოედანზე კარვების გაშლის და 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ აძლევს, - ამის შესახებ მშობლების განცხადებაშია აღნიშნული.

"უკვე წელიწადზე მეტია, რაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატების შემოტანას და პერიოდული კვლევების დაფინანსებას ვითხოვთ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ სახელმწიფო კანცელარიის წინ 28 მარტს აქცია გავმართეთ და 5 დღის ვადაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ვითხოვეთ. უკვე სამ თვეზე მეტია, მშობლებთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი თავს არიდებს.

დღეს, 6 აპრილს 15:00 საათზე მშობლები კიდევ ერთხელ მივალთ სახელმწიფო კანცელარიაში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას.

პარალელურად მივიღეთ მითითება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან კანცელარიის წინ მოედანზე კარვები არ დავდგათ და დაანონსებული პროტესტის 24-საათიანი ვადა შევამციროთ.

უარის საფუძვლად მითითებულია შეკრებებების და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი,  რომლის თანახმად შეკრების მონაწილეებს უფლება არ აქვთ:

ვ) მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი ნებართვის გარეშე შეკრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. კანცელარიის წინ არსებული მოედანი არ წარმოადგენს არც მანქანების და არც ქვეითთა სამოძრაო ტერიტორიას. თუნდაც რომ ასე იყოს, საერთოდ წარმოუდგენელია, რომ სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვების მშობლებს 24-საათიანი პროტესტის და კარვების გაშლის უფლებას არ გვაძლევენ. ასეთი რამ იმ ე.წ. "სისხლიანი 9 წლის" დროსაც კი არ ხდებოდა. იმედი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ აბსურდულ შეზღუდვას  გააუქმებს. საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ დაგვიდგეს გვერდში და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვების სიცოცხლე", - აღნიშნულია მშობლების განცხადებაში.