გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები პროკურატურასთან აქციას მართავენ.

ოჯახი ხელახალ და სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.

ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, საქმეში კვლავ ბუნდოვანებაა და გამოძიება არ არის სრულყოფილად ჩატარებული. 

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?! როდემდე უნდა უჩინარდებოდნენ და იღუპებოდნენ ჩვენი შვილები საეჭვო გარემოებაში!? ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება, გამცენ პასუხი კითხვებზე. ამდენი ბუნდოვანება ამ საქმეში წარმოუდგენელია.

არის სისხლის კვალი ფეხსაცმელზე და მანქანის ხალიჩებზე. რომ ვიკითხეთ, ვისია ეს სისხლი და რატომ გაჩნდა აქ, მეზღაპრე რომ ჰყავთ ჯერენაშვილი, ეგეთი პასუხი გაგვცა, რომ ბუზებმა გადაიტანეს. ტელეფონი რა მდგომარეობაში დაგვიბრუნეს. რაც სჭირდებოდათ ამოიღეს ყველაფერი, მერე დააზიანეს და სერგო შუბითიძეს იმიტომ დაალუქინეს თავიდან", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დააანონსა, რომ ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს პროკურატურაში გამოძიების მოთხოვნით მივლენ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.