თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე ჩატარდება შესაბამისი კვლევები და დეტალური პროექტირება.

"სამუშაოების ფარგლებში, არსებული შადრევნები და კასკადი აღდგება პირვანდელი ვიზუალით, დარჩება იგივე მასალა; დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების სისტემა; სრულად განახლდება სადრენაჟე, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემები; ჩატარდება აუზებისა და კასკადის ჰიდროიზოლაცია; დამონტაჟდება შესაბამისი სპეციფიკაციის ტუმბოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროექტში გაწერილი იქნება ობიექტის ექსპლუატაციის ინსტრუქციები და რეკომენდაციები.

"პროექტირების სამუშაოები მოიცავს არსებული შადრევნებისა და კასკადის მდგომარეობის დეტალურ ანალიზსა და საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს. ტენდერში მონაწილე კომპანიის აუცილებელი პირობა იყო, რომ შემსრულებელ კომპანიას ან მასში დასაქმებულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს 2020 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე (EN50110-1 სტანდარტის შესაბამისად) შადრევნების მოწყობა/რეაბილიტაციისა და პროექტირებაში მონაწილეობის გამოცდილება. ვფიქრობ, იმ ტრაგედიიდან, რაც მივიღეთ, მნიშვნელოვანია ევროპელი სპეციალისტების ჩართულობა აღნიშნულ პროექტში“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები სრულად 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება.