გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და უსამართლოდ დაჩაგრულიც, - ამის შესახებ “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მხოლოდ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც.

"ძვირფასო სპორტსმენებო, რა ხდება ჩვენ თავს: წარმოიდგინეთ, სპორტულ ფედერაციებს ისეთი წესები რომ მიეღოთ, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. მაგალითად, მსაჯები მიკერძოებული ხალხით დაეკომპლექტებინათ, თამაშის დრო 10 წუთით შეემცირებინათ, ლეგიონერები „უცხო ქვეყნების აგენტებად“ გამოეცხადებინათ და უცხოური კლუბებიდან დაფინანსების მიღება აეკრძალათ, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის თქვენ თამაშებზე დასწრება აეკრძალათ…

ყველა საერთაშორისო სპორტული ფედერაცია, ვინც ეტყოდა, რომ ეს ყველაფერი არ შეესაბამება საერთაშორისო წესებს, „დიფ სთეითად“ გამოეცხადებინათ, რომლებიც საქართველოს სპორტის შიდა საქმეებში ერევიან და საერთოდაც, ქართველი სპორტსმენების „გათხოვების“ სურვილი ამოძრავებთ. შემდეგ ოფიციალურად ეთქვათ, რომ 2028 წლამდე ქართველი სპორტსმენები ევროტურნირებზე ასპარეზობას წყვეტენ.

ამის გასაპროტესტებლად გამოსული თქვენი კოლეგები რომ დაერბიათ, ციხეში წლები გამოემწყვდიათ, სახის ძვლები დაელეწათ, ეწამებინათ სამარშრუტო ტაქსებში, ეფურთხებინათ ქალი სპორტსმენებისთვის და ვეტერანები პოლიციის განყოფილებაში გაეშიშვლებინათ, თქვენი მხარდამჭერები მასიურად სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ…

ხომ დაგახრჩობდათ უსამართლობის განცდა? ხომ იდგებოდით აქციაზე 365 დღე? - ეს ხდება დღეს ქართველი ხალხის თავს, ეს ხდება დღეს თქვენი გულშემატკივრების თავს, ეს თქვენ თავსაც ხდება, რადგან, თქვენც ჩვენი საზოგადოების ნაწილი ხართ!

გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და უსამართლოდ დაჩაგრულიც, ვინაიდან მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!“, - წერს ნინო ლომჯარია.