ეროვნული გუნდის მეკარემ გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

"17 წელი ცოტა არაა. ბოლო თამაშს ჩავატარებ ჩვენი ქვეყნის ნაკრების ფორმით. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით იდგა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს. როდესაც დებიუტი მქონდა, ალექსანდრე იაშვილი მაშინ ნაკრების ფეხბურთელი იყო.

მადლობა ნაკრების სტაფს, მთელ პერსონალს. ისინი ქმნიან გუნდს, რომელიც გულშემატკივრებს ახარებს. გულშემატკივრის თანადგომას კი განსაკუთრებით ვგრძნობდი. მახსოვს, ესპანეთთან რომ ვითამაშე, 55 ათასი ადამიანი როგორ სკანდირებდა ჩემს გვარს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც ახლა, სამწუხაროდ, ჩემ გვერდით არ არიან.

საქართველოს ნაკრების მაისურის ტარება ​ჩემთვის პატივი იყო, ჩემი ბავშვობის ოცნება. ნაკრებში კარიერას სუფთა გულით ვამთავრებ. მადლიერი ვარ, რომ ამ გუნდში თამაშის საშუალება მომეცა. დავრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში, მადლობა საქართველო.

მინდა, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება მივულოცო. ხვიჩა ჩვენთვის მაგალითია, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ფეხბურთელმა. ახალგაზრდებს ვურჩევ, იშრომონ და ფეხბურთის ერთგულები დარჩნენ“, - განაცხადა ლორიამ.

ლორია საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს 2008 წლიდან იცავს. ეროვნული გუნდის მაისურით მას 78 მატჩი აქვს ჩატარებული.