საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მალტას წინააღმდეგ 5:0 დასრულდა.

შეხვედრას ტა-ქალის “ცენტენარი სტედიუმმა” უმასპინძლა.

პირველივე წუთებში ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენჯერმე შეძლეს მომენტის გამწვავება, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა.

ანგარიში 37-ე წუთზე “დინამო თბილისისა” და 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა საბა ხარებაშვილმა გახსნა. მეორე გოლი კი პირველი ტაიმის მიწურულს “იბერია 1999”- ის ნახევარმცველმა ნიკოლოზ დადიანმა გაიტანა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო. ორივე გუნდი ცდილობდა მეტოქის კართან საგოლე მომენტის შექმნას. 68-ე წუთზე კი მცდელობამ შედეგი გამოიღო და დანიური “ვეილეს” მცველმა გიორგი ტაბატაძემ  მესამე გოლი გაიტანა. სამ წუთში კი სლოვაკური “ჟილინას” მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ გამოიყენა თავისი შანსი და ეროვნულმა ნაკრებმა ოთხბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.  

თამაშში ბოლო, მეხუთე გოლი 81-ე წუთზე “ტორპედო ქუთაისის” ნახევარმცველმა ალეკო ბასილაძემ მიითვალა.

ამ დამაჯერებელი გამარჯვებით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის F- ჯგუფში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.