ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებით მთიან ყარაბაღში და მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები, რომელიც აუარესებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას მთიან ყარაბაღში და ძირს უთხრის მშვიდობის პერსპექტივებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც სახელმწიფო მდივანი აცხადებს, ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეგიონში სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის პირობების შექმნის მცდელობებს.

"როგორც ადრე აზერბაიჯანთან აღვნიშნეთ, ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეგიონში სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის პირობების შექმნის მცდელობებს. მოწოდებით გამოვდივართ, რომ სასწრაფოდ შეწყდეს საომარი მოქმედებები და დაიწყოს ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის პატივსაცემი დიალოგი“, – აცხადებს ბლინკენი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში "ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს განაცხადა.

ერევანში აცხადებენ, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს და სომხეთის სამხედრო ესკალაციაში ჩათრევის მცდელობები მიუღებელია.

პარალელურად ერევანში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება.