ევროპის ქალაქებში დონალდ ტრამპისა და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება.

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში დემონსტრაცია სახელწოდებით „ხელები შორს“ ორგანიზაციის „დემოკრატები საზღვარგარეთ“ მიერ იყო ორგანიზებული. აქცია გაიმართა ბერლინშიც, სადაც აქციის მონაწილეები Tesla-ს შოურუმთან მივიდნენ და გერმანიაში მცხოვრებ ამერიკელებს „ქაოსის დასრულებისა“ და საკუთარი ხელისუფლების მიმართ პროტესტისკენ მოუწოდეს.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქცია გაიმართა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზშიც, სადაც დაახლოებით 200 ადამიანი, ძირითადად ამერიკელები, პლას დე ლა რესპუბლიკაზე შეიკრიბნენ.

დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა სხვა ევროპულ ქალაქებშიც, მათ შორის ლონდონსა და ლისაბონში.

ბრიტანეთის დედაქალაქში რამდენიმე ასეული ადამიანი ტრაფალგარის მოედანზე შეიკრიბა, ისინი სკანდირებდნენ: "ხელები შორს კანადისგან“, „ხელები შორს გრენლანდიისგან“ და „ხელები შორს უკრაინისგან“.