ირანმა დღეს, 17 აპრილს, ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის გახსნა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

"ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში გავლა სრულად ღიაა ყველა კომერციული გემისთვის. ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, გავლა გაგრძელდება შეთანხმებული მარშრუტით, როგორც ეს უკვე გამოცხადდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ“, - წერს არაღჩი.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დაწყებისას თეირანმა ჰორმუზის სრუტე დაბლოკა. ამან გლობალური ნავთობის კრიზისი გამოიწვია, რამაც საწვავის ფასების ზრდა გამოიწვია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს მოკავშირეებსაც კი მოუწოდა, დახმარებოდნენ ჰორმუზის სრუტის გახსნაში, თუმცა მათ უარი თქვეს, რასაც ტრამპის მხრიდან ნატოდან გასვლის მუქარა მოჰყვა.

აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის დაწყების შემდეგ, ირანმა გახსნა ჰორმუზის სრუტე, მაგრამ თითქმის მაშინვე დახურა. თეირანმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად ისრაელის მიერ ლიბანის დაბომბვა დაასახელა. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანს უბრალოდ არ შეუძლია საკუთარი ნაღმების აღმოჩენა და გაუვნებელყოფა.

11 აპრილს პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ტრამპმა ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა. მან განაცხადა, რომ ამერიკული გემები ყველა გემს ჩაკეტავდნენ, რომლებმაც ირანის ტრანზიტის საფასური გადაიხადეს. 15 აპრილს ტრამპმა გამოაცხადა, რომ სამუდამოდ ხსნიდა ჰორმუზის სრუტეს.