როდესაც კრიზისი შექმნილია რაიმე საერთაშორისო ფაქტორების გამო, ყველა პასუხისმგებლიანი რეჟიმი დგამს ექსტრაორდინარულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქით ხდება, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ბევრად დიდია კორუფციის შედეგად მოპარული ფული და ყველა ლარი, რომლითაც გამდიდრდნენ თანამდებობის პირები, რაც აისახება ფასებში.

"როდესაც კრიზისი შექმნილია რაიმე საერთაშორისო ფაქტორების გამო, ყველა პასუხისმგებლიანი რეჟიმი დგამს ექსტრაორდინარულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით,  ჩვენთან კი ყველაფერი პირიქით ხდება.

ყველაფრის პარალელურად ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო და უტიფარ კამპანიას, რომ საერთაშორისო ფაქტორებს დააბრალონ ეს და ბიზნესზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა, თან გვესმის ამბები ამავე რეჟიმის მიერ მხილებული საკუთარი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ მოპარული ფულის შესახებ.

საკუთარ თავს და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ბევრად დიდია კორუფციის შედეგად მოპარული ფული და ყველა ლარი, რომლითაც გამდიდრდნენ თანამდებობის პირები, რაც აისახება ფასებში. ხელისუფლებისთვის ამ კორუფციულ ფულს ბიზნესი იხდის. ბიზნესი იძულებულია მომხმარებელს გადაახდევინოს ეს ფული.

ყველა ადამიანი, ღარიბაშვილიდან დაწყებული ფარცხალაძეებით დამთავრებული, ვინც ბიზნესში იყო, როდესაც მდიდრდებოდნენ, ამ ფულს მოქალაქეებისგან იღებდნენ. ჩვენი ამოცანაა წარმოდგენილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ წარმოდგენილი მყისიერი ნაბიჯების გადადგმა და მთლიანად ამ არალეგიტიმური რეჟიმის შეცვლის შემდეგ კრიმინალური, კორუფციული სისტემის მოშლა. გადასახადების ტვირთის შემცირება, "ფულის ბეჭდვის" შეწყვეტა და ამ კრიმინალური ტრადიციის აღმოფხვრა“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.