აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტის დეტალებზე წერს.

ტრამპი უსამძიმრებს თავის მხარდამჭერ მიტინგზე სროლის შედეგად დაღუპული პირის ოჯახის წევრებს და ასევე მხარდაჭერას უცხადებს მძიმედ დაშავებულის ოჯახს.

"მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის საიდუმლო სამსახურს და მთელ სამართალდამცავ ორგანოს მათი სწრაფი რეაგირებისთვის სროლაზე, რომელიც მოხდა ბატლერში, პენსილვანიაში. რაც მთავარია, მინდა, მივუსამძიმრო აქციაზე დაღუპული ადამიანის ოჯახს და ასევე, მივმართო მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. მსროლელის შესახებ, რომელიც ახლა გარდაცვლილია, ამ დროისთვის არაფერია ცნობილი. მე მესროლა ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც არ იყო წესრიგში, როცა გავიგე ხმა, გასროლა და მაშინვე ვიგრძენი კანზე ტყვია. ბევრი სისხლი დავინახე, ამიტომ, მივხვდი, რაც ხდებოდა“, – წერს ტრამპი.

პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, რა დროსაც დონალდ ტრამპი დაშავდა. მოგვიანებით, ტრამპის სპიკერმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას. ამასთან, "სიენენმა“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია. საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.

სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების ინფორმაციით, ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია.