ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ირანელ ხალხს მიმართავს.

"თავისუფლებისკენ სწრაფვა ყველა ჩვენგანისთვის, როგორც ადამიანებისთვის, თანდაყოლილია. ირანის ახალი თაობა ღირსებასა და თავისუფლებას ითხოვს. 2026 წელს ეს ძალიან ბევრის მოთხოვნა არ არის. მკვლელობები უნდა შეწყდეს. უდანაშაულოები და დევნილები უნდა გაათავისუფლონ. რეპრესიები უნდა დასრულდეს. ქუჩაში მყოფ მამაც გოგონებს, სტუდენტებს, მამაკაცებსა და ქალებს: ეს თქვენი დროა. იცოდეთ, რომ ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც კომუნიკაციას ბლოკავს, არის რეჟიმი, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია. ევროპამ უნდა გააცნობიეროს თავისი მოვალეობა და მოქმედების აუცილებლობა. ირანი თავისუფალი იქნება“, – წერს რობერტა მეცოლა.

2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა.

ყველაფერი 28 დეკემბერს თეირანში დაიწყო, როდესაც ცენტრალური ბაზრის გამყიდველები ქუჩებში გამოვიდნენ ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნის გასაპროტესტებლად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველაზე აქტიური მონაწილეები მობილური ტელეფონების, ელექტრონიკის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამყიდველები იყვნენ, რომლებიც საქონელს უცხოური ვალუტით ყიდულობენ და ადგილობრივ ვალუტაში ყიდიან.

საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ სტუდენტები და მოსახლეობის სხვა სეგმენტები, ასევე ისინი, ვინც ადრე „რეჟიმის მხარდამჭერებად“ ითვლებოდნენ, რაც ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ირანის მემკვიდრე პრინცმა რეზა ფაჰლევიმ მოქალაქეებს ქუჩის საპროტესტო აქციების გაძლიერებისა და ქვეყნის მასშტაბით გაფიცვების ორგანიზებისკენ მოუწოდა.

ირანის ხელისუფლებამ საპროტესტო გამოსვლებს მკაცრად უპასუხა, ცეცხლსასროლი იარაღით, სპეცრაზმის აღჭურვილობით, ცემით და მასობრივი დაპატიმრებებით.

HRANA-ს ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 538 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 490 აქტივისტია, 48 კი, ირანის უსაფრთხოების თანამშრომელი. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 000 აქტივისტია დაკავებული.