დრონების თავდასხმის საფრთხის გამო მხოლოდ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში თითქმის 100 ფრენა გაუქმდა, თითქმის ამდენივე გადაიდო.

ყველაზე სერიოზული სიტუაცია მოსკოვის მახლობლად, შერემეტიევოს აეროპორტშია. იქ 170-ზე მეტი რეისი გადაიდო და თითქმის 50 გაუქმდა.

შექმნილი სიტუაციის გამო აეროპორტში მგზავრების სიმრავლეა და თავისუფალი ადგილები კაფეებშიც აღარ არის. გარდა ამისა, ჩასული თვითმფრინავების მგზავრებს სალონიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ. ზოგიერთი მათგანის თქმით, ისინი იქ ოთხ საათზე მეტხანს იმყოფებიან.

სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტშიც თითქმის ანალოგიური სიტუაციაა. იქ 30-ზე მეტი რეისი გაუქმდა და დაახლოებით 100 გადაიდო. გარდა ამისა, აეროპორტმა დრონებით თავდასხმების საფრთხის გამო ფუნქციონირება შეაჩერა. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელმაც შერემეტიევოდან აფრენა შეძლო, მოსკოვში დაბრუნდა.

ფრენების დაგვიანება და გაუქმება ასევე დაფიქსირდა მოსკოვის, ეკატერინბურგის, ნიჟნი ნოვგოროდის, კალინინგრადის და სხვა ქალაქების აეროპორტებში.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა ორი თითქოს ჩამოგდებული დრონის შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის დედაქალაქისკენ მიფრინავდნენ.