რუსეთის ინტერესებში არ არის მშვიდობა და პირობითი ზავის, როგორც საკუთარი მოგების გაფორმება, მეეჭვება, რომ რაიმე დათმობაზე წავიდეს რუსეთი, - ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ დაპირისპირებაში გადამწყვეტი ყოველთვის იყო ტრანსატლანტიკური ერთობა და ასეა დღესაც.

"მთავარი ყურადღება უკრაინის თემაზეა მიპყრობილი, საერთაშორისო წესრიგების ახალი კონტურები სწორედ ამ წრეში გამოიკვეთება. ზოგადად, მე ვემხრობი უფრო ინსტიტუციონალურ საგარეო პოლიტიკის გატარებას, მათ შორის ამერიკის მხრიდანაც, შესაბამისად, კუშნევ-უიტკოფის ტანდემი არც თუ ისე ეფექტური დიპლომატიის განხორციელების მექანიზმი მგონია, თუმცა, დავიტოვოთ იმედი, რომ სადღაც სწორ გზავნილებსა და სწორ შედეგებზე მივა ეს ფორმატი, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, როგორ მანიპულირებს რუსეთის ინტერესებში არ არის მშვიდობა და პირობითი ზავის, როგორც საკუთარი მოგების გაფორმება, მეეჭვება, რომ რაიმე დათმობაზე წავიდეს რუსეთი.

რაც შეეხება ევროპის ჩართვას, ევროპა ჩართულია. აქ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რაც უნდა გავითვალისწინოთ - ნებისმიერ ასეთ დაპირისპირებაში გადამწყვეტი ყოველთვის იყო ტრანსატლანტიკური ერთობა, ეს იქნებოდა ფაშიზმთან, საბჭოთა კავშირთან გამკლავება თუ მის შთამომავალ რუსეთთან გამკლავება. თუ ეს პროცესი ამ შედეგს მაინც მოგვცემს, რომ ტრანსატლანტიკური ერთობა შენარჩუნებული იქნება უკრაინის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების კუთხით, ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება, თუმცა რაღაც ალტერნატიული ფორმების ძიება ევროპული უსაფრთხოების, სადაც რუსეთიც მონაწილე იქნება, ეს ძველი გადაღეჭილი თემაა და არ იმუშავა არასდროს იმიტომ, რომ თვითონ რუსეთის აღქმა წარმოუდგენელია. რუსეთი არ აპირებს, იყოს დადებითი აქტორი, მისი დღის წესრიგი და სისტემა, რაზეც ეს სახელმწიფო დგას, ანტიცივილიზაციური და უფრო დესტრუქციისკენაა მიმართული, ვიდრე მსოფლიო წესრიგის აღდგენისკენ", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.