რაც ახლა ხდება, არაა მოულოდნელი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ მიიტაცა ხელისუფლება და ეს პროცესები არადემოკრატიული გზის გაგრძელებაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში საბოლოოდ ხდება ავტოკრატიული რეჟიმის გაფორმება, პროევროპული პოლიტიკური პარტიების გაუქმება.

"დღეს მოსარჩელემ დადო პირობა, რომ დასკვნითი სიტყვით გამოსვლამდე წარმოადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს. ამ წუთამდე ჩვენ კონკრეტული მტკიცებულებები არ განგვიხილია, რომელ პარტიას რა ბრალი აქვს და ეს ბრალი რომელი მტკიცებულებით მყარდება.

მოსარჩელე მხარე როდესაც ითხოვს 5 ევროპული პარტიის გაუქმებას, საზოგადოებამ და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რა მტკიცებულებები აქვთ ამისათვის. ის, რომ საგამოძიებო კომისიაში შეყრილი არის ყველა ჭორ-მართალი, ამაზე არაერთხელ ითქვა და საზოგადოებისთვისაც გაშუქდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სასამართლო რა მტკიცებულებას მიიჩნევს დასაშვებად, რას - დაუშვებლად და რას ამორიცხავს.

"ქართული ოცნება“ აღარ ტოვებს სივრცეს პოლიტიკური საქმიანობისთვის და დიალოგისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოში საბოლოოდ ხდება ავტოკრატიული რეჟიმის გაფორმება, პროევროპული პოლიტიკური პარტიების გაუქმება.  

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც ახლა ხდება, არაა მოულოდნელი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ მიიტაცა ხელისუფლება და ეს პროცესები არადემოკრატიული გზის გაგრძელებაა", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.