გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში თითქმის 1750 თავდასხმის დრონი, 1530 მართვადი ბომბი და 39 რაკეტა გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთი ჩვენს ქვეყანას ათასჯერ დაესხა თავს. მტერმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ თითქმის 1750 თავდასხმის დრონი, 1530 მართვადი ბომბი და 39 რაკეტა გამოიყენა. თავდასხმის ქვეშ იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა - ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი შენობები", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის ძალებმა მოახერხეს სამიზნეების უმეტესობის განეიტრალება, თუმცა საჭიროა უფრო მეტი დაცვა და ყოველდღიურად.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, პირველ რიგში, საჭიროა საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რის გამოც PURL პროგრამის ფარგლებში შენატანები და მარაგები გადამწყვეტია.

"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც კვლავაც გვიჭერს მხარს. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ სანქციები რუსეთისა და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც რუსეთს ამ ომის დაფინანსებასა და გაგრძელებაში დაეხმარება, უნდა დაიბლოკოს. დღეს ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ამ თითოეულ ელემენტზე მოლაპარაკებებს გავმართავთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.